Monday, February 16, 2015

სიღნაღის ისტორია

სიღნაღი – ქიზიყის გული, მთაგორიანი ქალაქი…გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე.

მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.

ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში.

ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს” უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო – წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც ,, კამბისად“ აქვს დასახელებული.

ქიზიყი გაძლიერდა და წელში გაიმართა მეთვრამეტე საუკუნეშ. ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ჰყვარებია ქიზიყი და ქიზიყელები. მან პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.

ხორნაბუჯის, - იმდროინდელი ცენტრის დასუსტების შემდებ სიღნაღი სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს ქიზიყის ცხოვრებაში.

სიღნაღის (დიდი კედელი) - გალავანი

სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს. მას მეტად უსწორო გეგმა აქვს, რადგან მთების რელიეფს მიჰყვება. ყველაზე მაღალია სამხრეთის მხარე. აქედან გალავანი აღმოსავლეთითა და დასავლეთით ქედს მიჰყვება. შემდეგ ორივე მხრიდან სწრაფად ეშვება ძალიან ღრმა მერუბოანთ ხევში და იქ ერთდება.
ისტორიკოს პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახტანგ ბატონიშვილს. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“.

კახეთი მსოფლიოს ათეულში

სოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph–მა გამოაქვეყნა რეიტინგი: “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ.”
რეიტინგი შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსონმა და მაქსომ-ლოუველ ჰორმა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.

სიღნაღი

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.